Home სხვადასხვა გოგონა ჯერ გავგუდე, მერე გავაუპატიურე.სად არის იმის გარანტია, რომ ხელახლა არ ჩავიდენ...

გოგონა ჯერ გავგუდე, მერე გავაუპატიურე.სად არის იმის გარანტია, რომ ხელახლა არ ჩავიდენ იმავე დანაშაულს. გთხოვთ, ჩემ მიმართ გამოიყენოთ სასჯელის -– თამაზ ნამგალაურის სისხლიანი საქმე

988
loading...

საქართველოს უმაღლესი სასამართლოს შენობა. განსასჯელის სკამზე ზის გასული საუკუნის 80-იანი წლების ყველაზე ცნობილი დამნაშავე. ადამიანი, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი იცნობდა და ტაშს უკრავდა, სასიკვდილო განაჩენის მოლოდინშია.

ის 31 წლის თამაზ ნამგალაურია – ცნობილი ქართველი მოჭიდავე, რომლის სპორტულმა წარმატებებმა მთელი მაშინდელი საბჭოთა კავშირი აალაპარაკა, მოგვიანებით კი მისმა სისასტიკემ ქვეყანა შეძრა. ვინ იყო სინამდვილეში თამაზ ნამგალაური და მიუხედავად მის მიერ ჩადენილი შემზარავი დანაშაულებისა, რითი გამოირჩეოდა ის დანარჩენი სიკვდილმისჯილებისგან?

მაშ ასე: ეზოში ჩამოკიდებული დიდი საქანელას ქვეშ ახალგაზრდა მამაკაცი მიწას თხრის, ჩქარობს და დაძაბულია. გვერდით სპორტული ჩანთა უდევს. ჩანთა დიდი ზომის არ არის, მაგრამ მასში პატარა გოგონას ნაწამები სხეული ჩაეტია. მამაკაცი ჩანთას ორმოში დებს და მიწას აყრის. ჭრიალებს საქანელა სამარხის თავზე, ოჯახი კი დაეძებს 9 წლის გოგონას, რომელიც რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა…

ბავშვი, რომელსაც პირობითად ნუცას დავარქმევთ, თამაზ ნამგალაურის ბოლო მსხვერპლი იყო. საბჭოთა კავშირის ცნობილი მოჭიდავის კრიმინალური ბიოგრაფია კი გაცილებით ადრე დაიწყო.

ღამის სტუმარი

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ტატიანა ვალიევა იხსენებს, რომ თამაზ ნამგალაური, რომელიც მისი ქმრის ბიძაშვილი იყო, ხშირად დადიოდა მათთან სტუმრად. ბავშვებს ეთამაშებოდა, ყველა დეტალზე ამახვილებდა ყურადღებას და ისე, სხვათა შორის, იმის გარკვევითაც ინტერესდებოდა, ვის რომელ ოთახში და რომელ საწოლზე ეძინა.

ვალიევას ქმარი ხშირად სვამდა და ყოველ ღამე გვერდით ოთახში სასმელით გაბრუებულს ეძინა ხოლმე. სამი მცირეწლოვანი ბავშვი კი დედის ამარა იყო დარჩენილი.

ერთ ღამეს ოჯახის დიასახლისი უჩვეულო ხმამ გამოაღვიძა. ბავშვებს გამოეხმაურა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა. ტატიანა ფეხზე წამოდგა, ხელის ცეცებით ქალმა შუქის ჩამრთველი მოძებნა. როცა ოთახი განათდა, თამაზ ნამგალაური დაინახა. მამაკაცი მაშინვე ეზოში გაიქცა და გაუჩინარდა.

მოგვიანებით ყოფილი სპორტსმენი, ასე იხსენებდა ამ ღამეს:

“ჩუმად შევიპარე ბინაში. მივედი თათას (ბავშვის სახელი გასაგები მიზეზების გამო შეცვლილია) საწოლთან. ბავშვს ერთი ხელი ცხვირპირზე დავაფარე, მეორეთი ყელში წავუჭირე, რომ ხმა ვერ ამოეღო, მერე ჩამოვიყვანე საწოლიდან. თათას მოკვლა არ მინდოდა…”.

დუშეთში ეს ამბავი ელვის სიწრაფით გავრცელდა. ვერ გაეგოთ, რატომ უნდოდა ნამგალაურს 10 წლის გოგონას დახრჩობა. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, მაგრამ ოჯახს მილიციისთვის არ მიუმართავს. იქნებ შეეშინდათ, რომ სახელმოხვეჭილ სპორტსმენთან ვერაფერს გახდებოდნენ. ასე იყო თუ ისე, ნამგალაური არც კი დაუკითხავთ.

ბავშვს, საბედნიეროდ, სერიოზული დაზიანებები არ ჰქონია და დროთა განმავლობაში მომხდარი ყველამ დაივიწყა, მოძალადის გარდა. მამაკაცი, რომელმაც თათას გაუპატიურება სცადა, ერთ საბედისწერო ღამეს ბიძაშვილის ოჯახში ისევ დაბრუნდება…

რა იყო არასრულწლოვნების მიმართ ეს მანიაკალური ლტოლვა, რომელსაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი ვერ აკონტროლებდა? ბავშვობისდროინდელი ტრავმა, რომელმაც ნამგალაურის ფსიქიკა დააავადა თუ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც იმ წლების ტრიუმფატორ სპორტსმენს ჩამოუყალიბდა, ძნელი სათქმელია. ცნობილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოგვიანებით სასამართლო-ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ მისი შეურაცხადობა არ დაადასტურა.

სასტუმრო “უშბა”

1981 წელი, 4 თებერვალი

სასტუმრო “უშბაში”, სადაც იმ პერიოდში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ცხოვრობდა, საღამოობით შეკრებები იმართებოდა. მეგობრები სვამდნენ და განვლილი დღის ამბებს იხსენებდნენ. იმ საღამოს სმა გვიანობამდე გაგრძელდა. ღამის 3 საათი იქნებოდა, როცა სასტუმროს დერეფანში ნაბიჯების ხმა გაისმა. გარშემო არავინ იყო, გარდა ერთისა – ქალი სამუშაოს საათების შემდეგ დაღლილი გარეთ, დივანზე მიწოლილიყო და იქვე ჩასძინებოდა.

60 წელს მიახლოებულ აიდა ხითაროვას თავზე მამაკაცის ჩრდილი წამოადგა. უცნობი მისკენ დაიხარა და ქალმა მაშინღა გაახილა თვალები, როცა კაცმა ერთი ხელი პირზე ააფარა, მეორე კი ყელში წაუჭირა. მსხვერპლმა შიშისა და ჰაერის უკმარისობისგან გონება დაკარგა. მამაკაცმა ის იატაკზე გადაათრია, ტანსაცმელი შემოახია და გააუპატიურა. მოძალადეს ეგონა, რომ მისი მსხვერპლი მკვდარი იყო, იქვე იატაკზე დატოვა და თავის ნომერში დაბრუნდა. აიდა ხითაროვა გარკვეული დროის შემდეგ გონზე მოვიდა.

ამონარიდი დაზარალებულის, ხითაროვას, ჩვენებიდან:

“პირზე ხელი დამაფარა, თან ყელში მიჭერდა. ვერ ვსუნთქავდი, მაგრამ სანამ გონებას დავკარგავდი, ის ვიცანი. ნამგალაური იყო”.

თამაზ ნამგალაური მეორე დღეს სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად დააკავეს, ჩატარდა სასამართლო ექსპერტიზაც. ამბობენ, რომ მილიციამ დაადგინა დამნაშავის ვინაობა, მაგრამ აღძრული საქმე ოთხი დღის შემდეგ შეწყდა დანაშაულის დაუდასტურებლობის გამო. დაზარალებულს ამის გამო პრეტენზია არ გამოუთქვამს.

რამდენიმე წლის შემდეგ ნამგალაურის სასამართლო პროცეზე აიდა ხითაროვამ განაცხადა, არ მინდოდა, ჩემი გაუპატიურების საქმე გახმაურებულიყო, ამ ასაკის ქალი შევრცხვებოდიო. რა მოხდა სინამდვილეში, საარქივო მასალებში არაფერი წერია. ნამგალაური კი კვლავ თავისუფალი იყო.

დაბრუნება

თამაზ ნამგალაური იყო გულჩათხრობილი, სიტყვაძუნწი კაცი, განმარტოება უყვარდა, დიდი სერიოზულობით ეკიდებოდა ჭიდაობის საქმეს. თუ ვინმეს დახმარება შეეძლო, უარს არ ეუბნებოდა – ასე ახასიათებდნენ მას ნაცნობები, მეგობრები კი ნამგალაურს თითქმის არ ჰყოლია. მას ჰქონდა ყველაფერი – ტრიუმფალური მიღწევები სპორტში, აღიარება, დაფასება, მისი საავტორო ილეთი განხილვისა და აღფრთოვანების საგანი იყო.

თამაზ ნამგალური სწორედ ამ პერიოდში ზედიზედ იგებდა საერთაშორისო და საკავშირო შეჯიბრებებს. მისით ამაყობდა ქვეყანა, საკუთარი თავით ამაყობდა ალბათ სპორტსმენიც. თუმცა თამაზის გარშემომყოფები მაინც ამჩნევდნენ, რომ მისი ხასიათი იცვლებოდა. სმას უმატა, ღამე სახლიდან გადიოდა და გამთენიისას ბრუნდებოდა შინ. სულ დაძაბული იყო და უფრო მეტად მიიწევდა განმარტოებისკენ.

1982 წლის აპრილში, პირველი შემთხვევიდან 2 წლის შემდეგ, ტატიანა ვალიევას სახლში ისევ შეიპარა მამაკაცი ფანჯრიდან.

ამონარიდი მოწმის, ვალიევას შვილის, თათას, ჩვენებიდან:

“იმ ღამეს არ მეძინა, სიცხე მქონდა. დავინახე, როგორ შემოიპარა თამაზა. ჩემი ძმის საწოლთან მივიდა და დაახრჩო. მე დედაჩემი გავაღვიძე. ის ადგა და თამაზას ეჩხუბებოდა. დედაჩემს ხელი გაარტყა და წააქცია. მე შემეშინდა და ვტიროდი. მამაჩემს მეორე ოთახში ეძინა, მთვრალი იყო”.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოძალადეს საწოლი შეეშალა. თათას მაგივრად გოგონას საწოლში თავდამსხმელს მისი ძმა დახვდა. მოძალადემ სიბნელეში ვერ გაარჩია, რომელი ბავშვი იყო და ბიჭი საწოლიდან გადმოათრია. მისი გაუპატიურება უნდოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა შემთხვევის ადგილზე ფეხსაცმელი დარჩა.

ბიჭუნა უგონო მგომარეობიდან ექიმებმა გამოიყვანეს. დედამ სასწრაფო დახმარებას გამოუძახა. ხელახლა აღშფოთდნენ ნათესავები. ტატიანა მილიციაში წავიდა. რატომ მიხრჩობს თამაზა ბავშვებსო, კითხულობდა თურმე ქალი. მაგრამ არც ამ საქმეს მოჰყოლია გაგრძელება.

“თამაზას დედა მუხლებში ჩამივარდა, აპატიეო, მეც ვაპატიე”, – ასე დაამთავრა ტატიანამ მეორე თავდასხმის ამბავი. მან ნამგალაურს აპატია.

უსუსური მსხვერპლი

ნამგალაურს იმ ღამეს ცუდად ეძინა. ბოლო დროს უძილობას უჩიოდა და ძლიერი თავის ტკივილები სტანჯავდა. დილიდანვე დასალევად წავიდა. ოჯახის წევრებს დაუბარა, რომ დუშეთში უნდა წასულიყო, მაგრამ გვიანობამდე შინ აღარ გამოჩენილა.

თამაზ ნამგალაურის ჩვენება:

“12 ივნისს ოჯახთან ერთად დუშეთში უნდა ავსულიყავი, სახლიდან გამოვედი. რამდენიმე კათხა ლუდი დავლიე და რატომღაც მარტო წავედი დუშეთში. ეზოში რომ შევედი, ჩემი ბიძაშვილი, დათო დავინახე. ის ბოსტნის გაწმენდაში დამეხმარა. არაყი დავლიეთ, მერე ვუთხარი, შენი და მოიყვანე, ახლა ჩემებიც ამოვლენ და ბავშვები ერთად ითამაშებენ-მეთქი.

დათომ თავისი და მოიყვანა. მერე ის ავტობუსების გაჩერებაზე გავგზავნე ჩემების შესახვედრად. დათო რომ წავიდა, გოგონა ხელში ავიყვანე, ოთახში შევიყვანე, ლოგინზე დავაწვინე, რომ არ ეყვირა. ერთი ხელი ცხვირპირზე დავაფარე, მეორე ხელი ყელში წავუჭირე და გავგუდე, მერე გავაუპატიურე.

ამასობაში დათო დაბრუნდა, დას ეძებდა. ბავშვი საწოლებს შორის დავმალე, დათო ოთახში შემოვახედე და ვუთხარი, აქ აღარ არის-მეთქი. როცა დათო წავიდა, ბავშვი ჯერ ისევ ცოცხალი იყო და ყელზე თოკი შემოვუჭირე. ის და მისი ტანსაცმელი ჩანთაში ჩავტენე. სახლიდან გავიტანე და იქვე მიწაში დავმარხე”.

თამაზ ნამგალაური როცა დუშეთიდან თბილისში დაბრუნდა, უკვე ღამე იყო. ოჯახის წევრებს განსაკუთრებული მღელვარება არ შეუმჩნევიათ. ივახშმა, იბანავა, ტელევიზორს უყურა და როგორც მისი მეუღლე იხსენებს, იმ დღეებში პირველად დაიძინა მოსვენებით. დილით ნამგალაური დააპატიმრეს.

“მიესაჯოს სიკვდილით დასჯა”

ნამგალაურების ეზოში ქარი არწევდა საქანელას. მის ქვეშ მიწა ჯერ კიდევ სველი იყო. ყოფილი სპორტსმენი მილიციის განყოფილებაში გამოძიებას აღიარებით ჩვენებას აძლევდა. საღამო ხანს განყოფილების თანამშრომლებმა, ნამგალაურის ჩვენების საფუძველზე, სამარხი გათხარეს და ბავშვის ნაწამები სხეული პროზექტურაში გადაასვენეს.

“არც წინასწარი გამოძიებისას უარვყოფდი და არც ახლა უარვყოფ დანაშაულს. მე ახლა 31 წლის ვარ. თუ არ დამხვრეტენ და 15 წლის შემდეგ გამოვალ ციხიდან, სად არის იმის გარანტია, რომ ხელახლა არ ჩავიდენ იმავე დანაშაულს. ამიტომ გთხოვთ, ჩემ მიმართ გამოიყენოთ სასჯელის განსაკუთრებული ზომა”, – ეს იყო ნამგალაურის განაჩენი, რომელიც მან საკუთარ თავს გამოუტანა.

სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა დარბაზში.

თვითმხილველები როგორც ამბობენ, განსასჯელმა თვალებზე ხელები აიფარა და ისე მოისმინა მოსამართლის გადაწყვეტილება: “მიესაჯოს სასჯელის უმკაცრესი ზომა, სიკვდილით დასჯა”.

ვერსიები

წესით, აქ უნდა დამთავრებულიყო ნამგალაურთან დაკავშირებული ვნებათაღელვა, მაგრამ როგორც მისი ბრალეულობის საკითხი, ისე დახვრეტის თემაც წლების განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ერთნი ამბობდნენ, რომ განაჩენი სისრულეში 1992 წელს მოიყვანეს. სხვა ვერსიით, ნამგალაური 1994 წელს დახვრიტეს და ის იყო ერთ-ერთი უკანასკნელი მსჯავრდებული, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, რადგან ამის შემდეგ საქართველოში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოცხადდა და შემდეგ საერთოდ გაუქმდა.

უფრო დაუჯერებელ ვერსიებს თუ გავყვებით, თამაზ ნამგალაური სიკვდილმისჯილთა საკნიდან გააპარეს და დღემდე საიდუმლო სამსახურებისთვის მუშაობს.

ვინ იცის… თუმცა ნებისმიერი მსგავი საქმის დახურვის შემდეგ მაინც რჩება განცდა, იყო კი რეალურად ყველაფერი ისე, როგორც საარქივო მასალებმა შემოინახა. ნამგალაურის დედა დიდხანს დადიოდა სასამართლოდან სასამართლოში, რედაქციიდან – რედაქციაში, რომ შვილის უდანაშაულობა დაემტკიცებინა. ის ერთადერთი იყო, ვისაც თამაზ ნამგალაურის უდანაშაულობის სჯეროდა, მისი შვილი კი საქართველოში ერთადერთი პატიმარი, რომელმაც სიკდილით დასჯა ითხოვა.

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება