Home ვიდეოები ოკუპანტებს ბაღებზე გზა გაჰყავთ, სოფელთან ახლოს მოსვლა უნდათ – ხურვალეთის მცხოვრებლები

ოკუპანტებს ბაღებზე გზა გაჰყავთ, სოფელთან ახლოს მოსვლა უნდათ – ხურვალეთის მცხოვრებლები

67
loading...

რუსი ოკუპანტები საქართველოს კიდევ ერთ სოფელში გააქტიურდნენ. ხურვალეთში, იქ, სადაც ე.წ. მესაზღვრეებმა ცოტა ხნის წინ მავთულხლართები გაავლეს, ამ წუთებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს.

საოკუპაციო ბარიერი ოკუპანტებმა პირდაპირ ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებში აღმართეს და მავთულხლართების მიღმა მოაქციეს ამ ადამიანების შემოსავლის ერთადერთი წყარო. გია ბატონისაშვილის თქმით, ოკუპანტებმა მისი დაკავებაც სცადეს.

ადგილობრივების განცხადებით, ჯუკაანთ ხევისკენ ოკუპანტებს გზა ბატონისაშვილების ბაღის გავლით გაჰყავთ და ისინი ოკუპაციის გაგრძელებას აპირებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსი ოკუპანტები საკუთარი ჯიხურიდან მაშინ გამოდიან, როცა ადგილზე პოლიცია აღარ იმყოფება.

„გზას აკეთებენ თავიანთთვის სასიარულოდ. გზას თავი სად აქვს, ვერ გეტყვით, ბოლო ხევში გადის. პოლიციას ერიდებიან, მაგრამ… ვის არ ეშინია? – თუ დაგვიჭირეს…“-ამბობს ადგილობრივი მოსახლე.

ორი დღის წინ ოკუპანტების სავარაუდო მარშრუტი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიამ“ შეისწავლა. მათ ადგილზე მონიშვნები ნახეს. აქტივისტი, ლუდა სალია ამბობს, რომ მან თავად ნახა, რა ადგილზე აპირებენ გზის გაყვანას ოკუპანტები.

„ორი ხე მოჭრეს და გზის გაყვანას იწყებენ. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ქაცარავას გუნდთან ერთად მე ვიყავი გადასული, პოლიცია გვახლდა და უსაფრთხოდ გადავადგილდებოდით. მივედით იმ ადგილზე და ზუსტად ვნახეთ, რის გაკეთებას აპირებენ. ანუ წინაგარიდან აპირებენ, გზა გამოიყვანონ, გავიდა ეს გზა ბატონისაშვილების ეზოზე და ჩამოაჭრეს მათ ბაღი. ამ უბნის მერვედი უკვე ჩამოგვაჭრეს, უნდათ, უფრო ახლოს მოვიდნენ სოფელთან,“ – ამბობს სალია.

თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება