Home სხვადასხვა გაწიე ფერარი გრძელცხვირა! ავტოსადგომზე დაწყებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიყვარულის ისტორია

გაწიე ფერარი გრძელცხვირა! ავტოსადგომზე დაწყებული ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიყვარულის ისტორია [PHOTO]

161
loading...

გაწიე ფერარი!

15 წლის წინ, ერთ მშვენიერ თუ არა, ჩვეულებრივ დღეს მაინც, მალმიოს რკინიგზის სადგურის ავტოსადგომზე უხეიროდ გაჩერებულმა “ფერარიმ” “მერსედესის” საჭესთან მჯდარი ქერა ქალბატონი გააღიზიანა. იტალიური ავტოწარმოების თვალსაჩინო ნიმუში მის “მერსედესს” რიგიანად მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. ჩანდა მძღოლი სხვის დისკომფორტით დიდად არ წუხდებოდა და ქერა ქალბატონმა “მერსედესის” საყვირს თავისი საპროტესტო ხმაც შეაშველა, “ფერარიდან” ერთი ახმახი ვაჟი გადმოვიდა და მომხიბვლელ ქალს გაღიზიანების მიზეზი ჰკითხა.

“მე დავინახე მისი გიგანტური ცხვირი, ოქროს საათი და ხასიათი გამიფუჭდა” – იხსენებს მოგვიანებით ზლატანთან პირველი შეხვედრის შესახებ, შვედი ყოფილი მოდელი და ამჟამად ზლატან იბრაჰიმოვიჩის მეგობარი ქალი ელენა სეგერი.

იბრა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ამბობს, რომ მაშინ სეგერისთვის ის მხოლოდ ვულგარული იუგოსლავი იყო, ოქროს საათით და ძვირადღირებული მანქანით.

მათი პირველი შეხვედრა როგორც ვნახეთ სახარბიელო სცენარით არ წარმართულა, ასეთი ურთიერთობის დასაწყისს ერთი ნახვით შეყვარება ვერ დაერქმევა. მაგრამ ისინი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა მაინც საერთო მომავალისთვის ყოფილან განწირულნი.

ნახეთ, როგორ ცეკვავს და ხუმრობს ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთ ამერიკულ ტელეშოუში [VIDEO]

არადა, ასაკითაც ერთმანეთისგან საკმაოდ შორს დგანან – ელენა 11 წლით უფროსია შვედური ფეხბურთის უკვე ლეგენდად ქცეულ მობურთალზე.

თუმცა ეგებ სწორედ ასაკიც იქცა მათი სიახლოვის ერთ-ერთ მიზეზად?

მამით ბოსნიელ და დედით ხორვატ ზლატანს ძალიან რთული ბავშვობა ჰქონდა. მისი მშობლები იუგოსლავიიდან სკანდინავიაში, უკეთესი მომავლის პოვნის იმედით 70-იან წლებში გადავიდნენ. მალმიოში (შვედეთი) მამა დარაჯად, დედა კი დამლაგებლად მუშაობდა, რათა შვილები როგორმე გამოეკვებათ. ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი შვედეთშივე დაიბადა, 1981 წელს.

ბავშვი მეტად რთული ხასიათის აღმოჩნდა, ასეთი ტიპის ბავშვებისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი ინტერპრეტაციით – ამტვრევდა გამვლელი მანქანების მინებს, ჩხუბობდა ქუჩაში, სკოლაშიც რა გასაკვირია იდეალური ქცევით არ გამოირჩეოდა და ეს ხასიათი მომავალ ფეხბურთელს სამუდამოდ დარჩა.

ხასიათზე უმნიშვნელო გავლენა არც იმას მოუხდენია, რომ მშობლებს შვილებისთვის დრო ნაკლებად რჩებოდათ და მათი საცხოვრებელი რაიონიც არ იყო “სიმშვიდის ნავსაყუდელი”. მოგვიანებით იბრაჰიმოვიჩი იტყვის კიდეც: “შეიძლება გეტოდან გამოიყვანო ბავშვი, მაგრამ, გეტოს ვერ გამოიყვან ბავშვიდან”.

აიაქსი და ვალენტინო

ფეხბურთის თამაში იბრამ “მალმიოში” დაიწყო, ელენასთან შეხვედრისას კი უკვე ამსტერდამის “აიაქსში” გადასულიყო და დიდი გუნდის წევრობით თავსაც იწონებდა. თუმცა სეგერს იბრაჰიმოვიჩის “აიაქსელობით” გადარევა არც უფიქრია.
ცნობილ კინოსურათში “ჭირვეულის მორჯულება” ორნელა მუტის პერსონაჟი ახალი კაბით იწონებს თავს და ჩელენტანოს პერსონაჟს ამაყად ეუბნება:

– ეს კაბა ვალენტინოსია.

– მე კიდევ ის შენი მეგონა – უემოციოდ პასუხობს ბიჭი.

დაახლოებით მსგავსად მიიღო ამ შემთხვევაში ქალმა ვაჟის თავმოწონება “აიაქსის” ვარსკვლავობით.
და ზლატანზეც დიდი შთაბეჭდილება სწორედ იმან მოახდინა, რომ ელენაზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია მის ვარსკვლავობას, გნებავთ “აიაქსელობას”!

სილამაზის და ქალურობის მიუხედავად, ელენა სეგერი უმცროსი ასაკიდანვე შეუპოვრობით გამორჩეული გოგონა გახლდათ. თავისი სილამაზით მან ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მიიქცია ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი კომპანიების ყურადღება. თავდაპირველად იყო Gul&Bla-ს, ხოლო შემდეგ გაცილებით უფრო პოპულარული ფირმების Diesel და Rifle-ს სახე. მაგრამ გოგონამ 17 წლის ასაკში სამუშაო სფერო შეიცვალა. ფაქტობრივად უკვე პოპულარულმა მოდელმა გადაწყვიტა განათლების მიღებისთვის მეტი დრო დაეთმო და ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში შეუდგა უმაღლესი განათლების მიღებას.

პირველი საფეხური მამის, ოჯახის მატერიალური თანადგომით გალია, ხოლო შემდეგ სეგერი თავად, სხვების დახმარების გარეშე შეუდგა საკუთარი სწავლის დაფინანსებას. დასვენების დღეებში რესტორნებში ბარმენად მუშაობდა და სწავლის ფულს გამოიმუშავებდა. ასე დაეუფლა სეგერი მარკეტინგის მენეჯერის პროფესიას. 30 წლის ასაკში კი კომპანია “სვოჩის”, ხოლო ცოტა მოგვიანებით ავიაკომოანია Fly Me-ს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე შეუდგა საქმიანობას.

მას ჰყავს ზლატანი

იბრასთან შეხვედრისას სეგერი 32 წლის იყო. პირველი, არცთუ სახარბიელო საუბრის მიუხედავად მათ საერთო ენა მაინც გამონახეს. შეუპოვარი ელენა მასზე გაცილებით უმცროსი ჭირვეული ვაჟის მორჯულებას მათ შორის სიყვარულის გაღვივებისთანვე შეუდგა. სეგერი ცდილობდა მისთვის ესწავლებინა საზოგადოებაში მოქცევის წესები, სუფრასთან დანა-ჩანგლის სწორად ხმარება, არცთუ კარგი ხასიათის პიროვნებების გამომწვევი საქციელის ხანდახან მაინც რეაგირებს გარეშე დატოვება და ცხოვრება მთლად ჩხუბის გარეშე თუ არა, კონფლიქტის მცირე დოზით მაინც.

“მაშინ მე ბევრი გეგმები მქონდა, მაგრამ არასოდეს მიფიქრია ფეხბურთელის ცოლი გავმხადრიყავი. თუმცა ახლა ზლატანთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მართალია ზოგჯერ ჩვენზე ინტერნეტში დიდ სისულელეებსაც ვკითხულობ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ზლატანი ჩემი საუკეთესო მეგობარია. მართალია ხშირად შეშლილივით იქცევა, თუმცა ის ჩემია. მან შეცვალა ჩემი ცხოვრება” – ამბობს ელენა სეგერი.

იბრაჰიმოვიჩის შეშლილი ხასიათი აბა ვის გაუგონია?!

“ხანდახან ისეთ სისულელეებს ვაკეთებ, მერე გახსნებაც მაშინებს” – ამბობს იბრა. მინდორზე მისი მაღალი კლასი და საფეხბურთო ნიჭის დემონსტრირება ყველას გვინახავს, მაგრამ გარდა ამისა იგი სულ ჩხუბობს, იგინება, ხელებს იქნევს, აპროტესტებს. არენის მიღმა არაჩვეულებრივი მოქმედებიდან კი მანქანით ჯირითია გამოსარჩევი. იბრაჰიმოვიჩს ეამაყება, რომ გიჟური სიჩქარე – 300 კმ/სთ განუვითარებია თავისი მანქანით. “როცა ცხოვრება მოსაწყენი ხდება და კვდება, თავად მიწევს გააქტიურება, რათა ცხოვრებაც გავიაქტიურო” – ამბობს ზლატანი.

[VIDEO] როგორები არიან დიდი ფეხბურთელები სხვა სახეობებში. მესი, ნეიმარი და კალათბურთი, რონალდო და რაგბი, ზლატანი და ჩოგბურთი…

მას ძალიან უყვარს ელენა და ყოველთვის ცდილობს ამის ხაზგასმას, თუმცა ზლატანი რის ზლატანია სერიოზულ თემასაც არაორდინალურად თუ არ მოეკიდა. ერთხელ ჟურნალისტები დაინეტერსდნენ, რა აჩუქა მეუღლეს დაბადების დღეზე. “უფრო ძვირფასი რა უნდა ვაჩუქო, მას უკვე ჰყავს ზლატანი” – უპასუხა იბრამ.

სამაგიეროდ ელენამ აჩუქა ქმარს ორი ვაჟი – მაქსიმიალიანი და ვინსენტი. ისინი დედასთან ერთად არასოდეს აცდენენ მამის მატჩებს.

სეგერი 2011 წელს შვედეთის ყველაზე ელეგანტურ ქალად დაასახელეს. იგი ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად დაბრუნდება ბიზნესში, თუმცა ეს უკვე მისი ოჯახური ბიზნესი იქნება და არა ისევ რომელიმე ფირმის თუნდაც მარკეტინგის დირექტორის თანამდებობა. ოღონდ იგი ბიზნესზე სრულად გადართვას მხოლოდ იბრას კარიერის დასრულების შემდეგ ვარაუდობს.

წყარო lelo.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება