Home სხვადასხვა დალი ჩიტალაძე: “ჩემს ასაკში გარეგნობაზე ცოტა ხელის შევლება საჭიროა”

დალი ჩიტალაძე: “ჩემს ასაკში გარეგნობაზე ცოტა ხელის შევლება საჭიროა”

90
loading...

მოდის ექსპერტი და ბლოგერი დალი ჩიტალაძე ბავშვობიდან თავისი კანონებით ცხოვრობს. იცის, რომ გენეტიკა და ბუნება ყოველთვის ვერ დაეხმარება, თუკი გარკვეულ დისციპლინას თავადაც არ გამოიმუშავებს, არ ივარჯიშებს, ჯანსაღად არ იკვებება და ა.შ.

მისი ტოლი, ანუ 50 წელს გადაცილებული, ქალებისგან განსხვავებით, ასაკის მატებას არ განიცდის, პირიქით, ყოველი დღის გათენებას მადლიერებით ხვდება. მას ესეც ცხოვრებამ ასწავლა. მოსწონს, როცა ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და “სარკის” მკითხველსაც სიამოვნებით გაანდო სილამაზის საკუთარი რეცეპტები.

– ქალბატონო დალი, რისი დამსახურებაა, რომ ყოველთვის ასეთ კარგ ფორმაში ხართ?

– ცოტა გენეტიკის, ცოტა თავის მოვლის. ვცდილობ, კვირაში სამჯერ მაინც ვივარჯიშო, ღამე არ გავათენო, სრულფასოვნად გამოვიძინო, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი პროდუქტები მივიღო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ტკბილეული, ნამცხვარი და მისი ცხობაც, ერთ დღეს რომ დავაგემოვნებ, შემდეგ რამდენიმე დღე თავს უფლებას აღარ ვაძლევ, ვჭამო.

ადამიანები უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ თავს მოვუაროთ, შევიყვაროთ, არ ვავნოთ საკუთარ თავს. სიგარეტი არ მოსწიოთ, ბევრი სასმელი არ დალიოთ და ა.შ.

– ასეთი დისციპლინა გამოცდილებამ ჩამოგიყალიბათ თუ თავიდანვე ჯანსაღი ცხოვრების წესი გქონდათ?

– საერთოდ, ასაკი რაც უფრო გემატება, ჯანმრთელობას მეტად აფასებ, თუმცა მე ბავშვობიდან ასე ვიყავი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ოჯახში როგორ იზრდები, გასწავლიან თუ არა, რა არის ჯანმრთელი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

– ასაკის მატებას მოაქვს ფიქრი სიბერეზე, შეცვლილ გარეგნობაზე და ა.შ., რასაც ბევრი ქალი მტკივნეულად აღიქვამს. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ ემოციებს?

– ადამიანი რომ ბერდება, ეს არის ღვთისგან ბოძებული მადლი. სიბერე იმას ნიშნავს, რომ შენ განვლე ცხოვრება. ასაკის მატებასთან ერთად ბევრ გამოცდილებას და ცოდნას იღებ. მერე კი უკვე გაქვს უფლება, ადამიანებს რჩევა მისცე, გამოცდილება სხვებსაც გაუზიარო, რაც ძალიან დიდი ფუფუნებაა.

ნეტავი, ყველა დავბერდეთ. ჩემი და და ძმა ძალიან ახალგაზრდები გარდაიცვალნენ. ამის მიხედვით, მე ჩემი დასკვნები გავაკეთე – ძალიან კარგია ასაკის მატება და ამის კი არ უნდა გეშინოდეს, უნდა გიხაროდეს. ასაკი თავდაჯერებასაც გმატებს. ბევრი ქალი და მამაკაცი მინახავს, რომლებსაც ეშინიათ ამის. მე – არა, ნამდვილად არ მეშინია ასაკის მატების, პირიქით, ღმერთს მადლობას ვეუბნები ყოველი დღისთვის, რომ თენდება. ეს მართლაც დიდი მადლია.

– რა გასწავლათ ცხოვრებამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც აუცილებლად ყველას გაუზიარებთ?

– ის, რომ უნდა აკეთო სიკეთე, სიკეთე და ისევ სიკეთე. შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ მთავარია, აღარ გავიმეოროთ და პირიქით, გამოვასწოროთ.

– ახლა რა არის თქვენთვის ყველაზე მთავარი?

– ჩემი ოჯახი. მთავარია, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები იყვნენ ჯანმრთელად და ჩვენი სამყარო იყოს მშვიდი. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ცხოვრება გავიარე, და-ძმა დავკარგე, ჩემი ცხოვრება მაინც ძალიან საინტერესოა და მჯერა, რომ უფრო და უფრო კარგი იქნება. ჩემთვის ყოველი წელი არის ახალი ეტაპი.

– რას შეუძლია, რომ ქალს თვალები აუციმციმოს, ეს მხოლოდ მის პირად ცხოვრებაზეა დამოკიდებული?

– კეთილ ადამიანს ყოველთვის უციმციმებს თვალები. რაც უნდა ცუდად იყოს, რაც უნდა პრობლემები ჰქონდეს, სიკეთის გაცემა თუ შეუძლია, თვალები ყოველთვის უციმციმებს.

– როცა კარგად გამოიყურები, ესეც გმატებს ხალისს, თვალებში სხივები მაშინაც დგება. როგორ ქალზე იტყოდით, რომ მომხიბვლელია?

– გემოვნებიანსა და ელეგანტურზე. ქალი შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგალითად, 90/60/90, დაწყობილი ნაკვთებით, მაგრამ უნდა იყოს გემოვნებიანი. თუ ქალი გემოვნებიანია, ის უკვე ძალიან მომხიბვლელია. გემოვნება ნიშნავს, რომ ყოველთვის ხარ ელეგანტური.

– ელეგანტური ქალის გარდერობი რისგან შედგება?

– სამოსში ხარისხიანი და კლასიკური ელემენტები უნდა ჭარბობდეს და ტენდენციებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. წელიწადში ორჯერ რამდენიმე მოდურ ნივთს თუ შეიძენთ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარდერობი განაახლეთ. მაგალითად, ჩემი გარდერობი წლების განმავლობაში იქმნებოდა. აუცილებელი არ არის, წელიწადში ორჯერ თავიდან ბოლომდე შეცვალოთ, უბრალოდ უნდა დაამატოთ ტენდენციური ნივთები.

– როგორ მაკიაჟს იკეთებთ?

– მე, პირადად, სიახლეებს ვაქცევ ყურადღებას. ყველას განსხვავებული თვალის ფორმა აქვს და ზუსტად უნდა იცოდე, რა გიხდება. მყავს ფავორიტი ვიზაჟისტები, რომელთა გაკეთებული მაკიაჟიც ძალიან მომწონს.

– რისი გამოკვეთა გიყვართ, როცა მაკიაჟს იკეთებთ?

– ხანდახან მინდა, რომ თვალი მქონდეს გამოკვეთილი და ტუჩი – ნაკლებად. ეს ჩაცმულობასა და განწყობაზეა დამოკიდებული.

– თუ სახის კანი კარგად არ გაქვს მოვლილი, კარგი მაკიაჟიც კი ცუდი გამოჩნდება. როგორ უვლით კანს?

– კოსმეტიკურ პროცედურებს ვიტარებ, მაგრამ ამის გაკეთებას მაშინ აქვს აზრი, თუ იმ ყველაფერს ითვალისწინებ, რაც ზემოთ ვთქვი.

– სახლში დამზადებულ ნიღბებს თუ იყენებთ?

– მე მაქვს ამის ფუფუნება – დედა ფარმაცევტი მყავს. ჩემი ძმისშვილი მისი რეცეპტებით კრემებს აკეთებს და, სხვათა შორის, იყიდება. ძალიან მომწონს მისი დამზადებული კრემები, რადგან ვიცი, რომ შექმნილია ორგანული ნივთიერებებით. დიდი მნიშვნელობა აქვს, იცოდე, რას ისვამ სახეზე.

– ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად გვითხარით, რომ პლასტიკური ოპერაცია გაქვთ გაკეთებული.

– დიახ, მე მაქვს გაკეთებული ერთი პატარა ოპერაცია – ოვალისა და ყელის ლიფტინგი. თუ არის საშუალება, რატომაც არ უნდა მიმართო პლასტიკურ ქირურგს? ნორმის ფარგლებში ყველაფერი დასაშვებია. ჩემს ასაკში ცოტა ხელის შევლება საჭიროა.

აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არაფერს ექნება აზრი, არც ოპერაციას, არც კოსმეტიკურ პროცედურებს, თუ არ ვარჯიშობ, სწორად არ გძინავს და სწორად არ იკვებები.

ბავშვობიდან თუ უვლი თავს და დღეში, მინიმუმი, ორჯერ ისვამ საცხს თავისი ლოსიონით, დამიჯერეთ, პლასტიკური ოპერაცია ძალიან დიდი ხანი არ დაგჭირდებათ.

– ღია ფერის თმა გაქვთ, ღია ფერის საღებავი კი თმას ძალიან აუხეშებს, წვავს. როგორ ინარჩუნებთ ხარისხს?

– ძლივს მოვძებნე ისეთი საღებავი, რომელიც თმას არ წვავს. ეს არის იაპონური ბრენდი, რომელიც საქართველოში ახლა შემოვიდა.

– ხართ ლამაზი, პოპულარული ქალი აწყობილი პირადი ცხოვრებით. შური ალბათ ხშირად გიგრძვნიათ.

– კი, მიგრძვნია, მაგრამ ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ და ყოველთვის პოზიტივზე ვაკეთებ აქცენტებს. საერთოდ, წარმატება ერთ დღეში არ მოდის, ამას წლები, გამოცდილება და ბევრი შრომა სჭირდება.

სტუდენტობიდან დღემდე ჩემს ცხოვრებაში ბევრი ეტაპი იყო, რაღაცები ვითარდება, სულ რაღაც ხდება. ადამიანი როცა პროგრესულად აზროვნებს, მისი წინსვლა-განვითარება არასოდეს შეჩერდება. წარუმატებლობა ნიშნავს სიზარმაცეს და არაპროგრესულობას. როცა ყველას და ყველაფრის მიმართ კეთილგანწყობილი და ოპტიმისტი ხარ, საქმე აუცილებლად გამოგივა.

wyaro sarkenews.ge

loading...
loading...
თუ მოგეწონათ ინფორმაცია მოიწონეთ გვერდი
გაზიარება